25 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

პარლამენტში, დეპუტატები დღეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. სესიაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და გასაჩივრების შესაძლებლობას ეხება.

აღნიშნულ საკითხზე სესიის დაწყებამდე იურიდიულ კომიტეტზეც იმსჯელებენ.

"წარმოდგენილი კანონპროექტი არ ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემული იყო ეუთო/ოდირის მიერ. ეს არის კოსმეტიკური მცდელობა შელამაზებისა, რაც ტოვებს შესაძლებლობას, რომ მოსამართლეები კვლავ ფარულად, კლანური წესით აირჩიონ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

"ცვლილებები, რომელიც ინიცირებულია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, არ პასუხობს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიას და ოდირს ჰქონდა. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ უზენაეს სასამართლოში გამწესებული მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალე ყოფილიყო და ეს პუნქტი დაცული არ არის და ისევ მოხდება პოლიტიკური ნიშნით მოსამართლეების შერჩევა,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.

"ზუსტდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემოდის დამატებით დასაბუთების საკითხები და ასევე კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, შესაბამის ეტაპებზე გაასაჩივროს შუალედური გადაწყვეტილებები მის მიმართ. მეორე მოსმენის ფარგლებში წარმოდგენილი კანონპროექტი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, რომელზეც უკვე შეჯერდება პოზიციები,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები