ქობულეთში აქციის მონაწილეებმა ქალაქში შესასვლელი გზა გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილისგან გაწევა მოახერხეს. პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს შეჰპირდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებს ორშაბათს შეხვდება და მათ მოთხოვნებს მოისმენს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიით დაზარალებული საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები ხელისუფლებას ბანკებსა და მოსახლეობას შორის მედიატორობას სთხოვენ. მათ ამ მოთხოვნით ქობულეთში შესასვლელი გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ვალდებულებებისგან თავის არიდებას არ აპირებენ თუმცა განმარტავენ, რომ პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩააგდო, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და რის გამოც საბანკო გადასახადებს ვერ იხდიან.
სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები სესხების დროებით გადავადებასა და პროცენტის სრულად სუბსიდირებას ითხოვენ, ასევე მთავრობას სთხოვენ შუამდგომლობას, რათა ბანკებმა მათზე დაბალპროცენტიანი სესხი გასცეს საშეღავათო პერიოდით.