18 აპრილი 2024,   23:56
ვრცლად
"წარსულში თავდაცვის მიზნით, ორი ახალგაზრდა ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს" - "კურიერმა" კასპში მომხდარი მკვლელობის დამატებითი დეტალები გაარკვია

მკვლელობა კასპში, მოკლულია 38 წლის მამაკაცი - სროლა მანქანის ხელოსნის სახლში მოხდა, სადაც მოკლული თანმხლებ პირთან ერთად იყო მისული. წინასწარი ინფორმაციით, შელაპარაკების შემდეგ მასპინძელმა იარაღი ამოიღო და მასთან მანქანის შეკეთების საკითხზე მისულ კლიენტებს ესროლა, ერთი გარდაიცვალა, მეორე ადამიანი კი დაჭრა.

დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდოდ კონფლიქტი არაფხიზელი მდგომარეობის დროს სუფრასთან მოხდა.

დაკავებული 60 წელს გადაცილებული მამაკაცია. "კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მას ანალოგიური შემთხვევა წარსულშიც ჰქონდა. დაჭრილის ახლობლები აცხადებენ, რომ ბრალდებულს თავდაცვის მიზნით 2 ადამიანი ჰყავს მოკლული და დაუშვებელი იყო მას იარაღი გაფორმებული ჰქონოდა.

"მაკაროვის სისტემის ფისტოლეტი ჰქონდა გაფორმებული. მონადირეც იყო და იარაღიც ჰქონდა გაფორმებული. ღამის 4 საათამდე მუშაობდნენ გამომძიებლები. მერე დაკეტეს კარები, მომცეს გასაღები და წავიდნენ.

მუშაობდა, ხელოსანი იყო, კლიენტები მოდიოდნენ ხოლმე, ვინ იყო მე არ ვიცი, აზრზე არ ვარ," - განაცხადა ბრალდებულის ძმამ მურთაზ კოტიაშვილმა.

"ეჭვმიტანილი არის მოხელე, მღებავია მანქანების. გარდაცვლილი იყო მეპატრონე ერთ-ერთი მანქანის. წარსულში თავდაცვის მიზნით ამ ადამიანმა გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და მაშინაც უბედური შემთხვევა მოხდა, ორი ახალგაზრდა ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, თავდაცვის მიზნით, თუმცა ფაქტია, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა. არასამართლიანია და არაკანონიერია ასეთ ადამიანს თუნდაც კანონიერი იარაღი ჰქონდეს," - აღნიშნა დაჭრილის ნათესავმა ნუგზარ ნონიაშვილმა

დღის ამბები