დადგება, თუ არა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი - ამ კითხვაზე პასუხი საგამოძიებო უწყებამ უახლოეს პერიოდში უნდა გასცეს. ყველა ელოდება რა მტკიცებულებებს ამოიღებს პროკურატურა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის პირადი ტელეფონიდან.
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მას ტელეფონში კანონსაწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა დიპლომატიურ კორპუსს მაინც მოუწოდებს დახმარებისთვის. რამიშვილის მოთხოვნებს ერთხელ უკვე გაუკეთა იგნორირება ამერიკულმა მხარემ, როდესაც FBI აქტიურად არ ჩაერთო პროცესში.
პროკურატურაში უკვე აცხადებენ, რომ მიხეილ რამიშვილის ტელეფონში უკვე აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ფოტომასალა. პროკურორის თქმით, გამოძიებას მიაჩნია, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარკვეული ემოციური ფონის შექმნას ცდილობს მის გარშემო.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რის გამოც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთან რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატებიც იმყოფებოდნენ. ისინი პროკურატურის ქმედებას ზოგადად ადვოკატების დისკრედიტაციისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევენ.