სტიქიას ხელვაჩაურში ამ დროისთვის 4 მსხვერპლი ჰყავს. მაშველებმა ჩამოწოლილი მეწყერიდან კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილია ერთი ოჯახის ორი წევრი. ცოლ-ქმრის კვალს მაშველები 19 საათი ვერ აგნებდნენ. ცხედრები გადასვენებულია ექსპერტიზაზე.
შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა. რიჟვაძე გამოეხმაურა თედორაძეების ოჯახის ახლობლების პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ ოჯახმა არაერთხელ მიმართა ადგილობრივ გამგეობას დახმარების თაობაზე, ვინაიდან თედორაძეების ოჯახი გეოლოგიურად საშიშ ზონაში ცხოვრობდა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა და ადგილი ჰქონდა რომელიმე სამსახურის გულგრილობას - ეს პირები მკაცრად დაისჯებიან.
"კლიმატური პირობები მაშველებს არ აძლევს საშუალებას სრულად და ბოლომდე გამოვიკვლიოთ სტიქიური ზონები, მაინც შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სამუშაოები.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომ იქ იყო კონკრეტული მოთხოვნები გეოლოგიასთან დაკავშირებით, საკითხზე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი რეაგირება თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი.
მეწყრული პროცესი უეცრად მოვარდნილმა უხვმა ნალექმა განაპირობა," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სოფელ ჯოჭოში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ისევ ეძებენ სკოლის მოსწავლეს, 16 წლის ბიჭს. სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველი მონაწილეობს.