02 მაისი 2024,   21:49
ვრცლად
რუსულმა მედიამ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა

რუსულმა მედიამ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ნავალნიმ ტომსკში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტ იური დუდთან დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, თვითმფრინავში გონების დაკარგვის შემდეგ, ცნობიერება გერმანიის კლინიკაში დაუბრუნდა. რუსი ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ მისი მოწამვლის საქმეში კრემლის მაღალჩინოსნების ხელი ურევია.

"მახსოვს თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ყველაფერი კარგად იყო, როცა ფრენისთვის მოვემზადე, ტრადიციულად ჩავრთე რიკი და მორტი, ასე ვიქცევი ხოლმე, სადღაც ნახევარი საათის შემდეგ მიჩნდება შეგრძნება, რომ ვკვდები, უკვე ვგრძნობდი, რომ კონცენტრაციას ვკარგავდი, კლინიკაში ყველას აინტერესებდა, რას გრძნობდა, ადამიანი ნოვიჩოკით სიკვდილის წინ, მე ამას ვერაფერს შევადარებ, ვერც ინფარქტს. გონება რომ არ დამეკარგა, ჩემს პრესმდივან კირას ვთხოვე გვესაუბრა, ვხედავდი, რომ რაღაცას მპასუხობდა, თუმცა ხმა უკვე აღარ მესმოდა, ვგრძნობდი, რომ ვკვდებოდი, მაგრამ კონკრეტულად გული მაწუხებდა, თავი მტკიოდა თუ სხვა რამ, ამაზე კონცენტრაცია უკვე აღარ შემეძლო," - აცხადებს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელი ალექსეი ნავალნი.

ალექსეი ნავალნის მეუღლის იულია ნავალნაიას თქმით კი, ნავალნის მდგომარეობის შესახებ მისმა პრესმდივანმა შეატყობინა.

"ალექსეის მდგომარეობის შესახებ მისმა პრესმდივანმა კირამ შემატყობინა. როცა თვითმფრინავი სხვა აეროპორტში დაჯდა, მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, შემდეგ გავიგე, რომ ალექსეი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროს უკვე აეროპორტში ვიყავი, ვერაფერი მოვიფიქრე, დავჯექი კაფეში და დავიწყე ტირილი, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა," - განაცხადა იულია ნავალნაიამ.

დღის ამბები