შიმშილობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად - რამდენიმე მოქალაქე ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს. აქციის მონაწილეთა შორის არიან სამორინეების, რესტორნების, სხვა ობიექტების თანამშრომლები, ასევე თურქეთში დასაქმებული პირები.
შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ისინი საზღვრებისა და სასწავლებლების გახსნას, საბანკო პროცენტების ჩამოწერას და კომპენსაციის გაგრძელებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. მანამდე კი მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა.
ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ განიხილება.
"ის შეზღუდვები, რაც ჩვენ აჭარის რეგიონში გვაქვს არის მინიმალური, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, მათი აქტივობა და მობილობის მინიმუმამდე შემცირება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შედარებით მსუბუქი ხასიათის შეზღუდვა დაწესდა, მაგრამ ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა რა თქმა უნდა არ განიხილება, ვინაიდან შემთხვევების რაოდენობა და არსებული ეპიდვითარება ამის წინაპირობას არ იძლევა,"- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.