19 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
რას ითვალისწინებს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ ჯგუფებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება - ამირან გამყრელიძის განმარტება

რას ითვალისწინებს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ ჯგუფებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, განკარგულების თანახმად, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში.

"ძალიან გთხოვთ, ეს გზავნილი იყოს კარგად გაგებული და მიტანილი მოსახლეობისადმი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები. გუშინდელი რიცხვით დამტკიცებულია ახალი განკარგულება იმ ჯგუფების, ვინც ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას. იმ ჯგუფებში განსაკუთრებული ყურადღება არის ინფიცირებულთან კონტაქტირებულ ადამიანებზე. კონტაქტირებული ადამიანი ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში.

ზოგადად ინფიცირებულებში დღეს უსიმპტომოთა რიცხვი დაახლოებით 30-40%-მდე ლავირებს. თუ ის გახლავთ უსიმპტომო, 12 დღის შემდეგ, ყოველგვარი ტესტის გარეშე არის თავისუფალი. დიდი როლია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან ჩემი კოლეგების, რომ თუ თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფ კონტაქტირებულ პირს დაეწყება რამე მსუბუქი სიმპტომიც კი, როგორიცაა დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ხველა ან სუნთქვის ოდნავ გაძნელება, აუცილებელია, მან შეატყობინოს ექიმს 112-ის საშუალებით, ან კოვიდსასტუმროებში და ზოგადად სასტუმრო სივრცეებში არიან სამედიცინო მეთვალყურეები, ანუ ექიმები. ის აუცილებლად ექვემდებარება PCR ტესტირებას. თუ ის იქნა დადებითი, შემდგომ მისი მართვა მიმდინარეობს შესაბამისი პროტოკოლით, როგორც ინფიცირებული ადამიანის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამავე დროს, იცით, უკვე მოქმედებს პროტოკოლი კარანტინში უცხოეთიდან შემოსული ადამიანების მერვე დღეს ტესტირებისა, მერვე დღეს დაშვებული იქნა უკვე საკმაოდ მაღალი ხარისხის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები, რომ ეს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში არ დაყოვნდეს. მათ შეიძლება ჩაუტარდეს სწრაფი ტესტი ანტიგენით და თუ უარყოფითი იქნება, ისინი თავისუფლდებიან, თუ საეჭვოა, მაშინ ტარდება PCR ტესტირება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები