გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს იწყება.
პროცესზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი მოწმე. ბრალდება განმარტავს, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია.
გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს ედავებიან.
"სასამართლოს მოვახსენებთ ჩვენ მოსაზრებას, თუ რა მოლოდინები გვაქვს კონკრეტული მოსამართლის მხრიდან. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სრულყოფილად განიხილავს ამ საქმეს და მივალთ კანონიერ, დასაბუთებულ განაჩენამდე. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც გამორიცხავს წარდგენილ ბრალდებას," - აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
"საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის პოზიციას, აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ სასამართლო კანონის ძალით მიუდგება ამ საქმის განხილვას, თუ სასამართლო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაცვის მხარემ სრულყოფილად განვახორციელოთ დაცვის უფლება, ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება ამ საქმეზე, რაც შეიძლება სასამართლომ გამოიტანოს, იქნება გამამართლებელი განაჩენი,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.
"ბრალდების მხარემ წარადგინა და რა თქმა უნდა გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რომლითაც მიგვაჩნია, რომ დასტურდება ის ფაქტი, რომ გიორგი შაქარაშვილი ნამდვილად მოკლული იყო, ასევე ვიდეოჩანაწერებს, რომლითაც დადასტურდება, რომ "ქამრის" მგზავრები, ბრალდებულები მისდევდნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს და შემდგომი 13 წუთის განმავლობაში "ქამრი" იმყოფებოდა ტერიტორიაზე, შესაბამისად, მგზავრებიც იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც გიორგი შაქარაშვილი იყო და ჰქონდათ საკმარისი დრო, განეხორციელებინათ მისი მკვლელობა,"- აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.