23 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"რომ არა ამირხანაშვილი, შაქარაშვილი ცოცხალი იქნებოდა" - ვახტანგ ჩიქოვანი გური ამირხანაშვილს ბრალს სდებს

სკანდალური აუდიო ჩანაწერი გურამ ამირხანაშვილის წინააღმდეგ - "კურიერმა" ბრალდებულის და ამავდროულად დაზარალებულის ვახო ჩიქოვანის სასამართლო ჩვენების აუდიო ჩანაწერი მოიპოვა. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამბობს, რომ შაქარაშვილის მოძებნაზე უარი ფეხბურთელის მეგობარმა განაცხადა და "ტოიოტას" მგზავრებს თბილისში წაყვანა სთხოვა.

ჩიქოვანი ირწმუნება, რომ ძებნის დროულად დაწყების შემთხვევაში შაქარაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ამ და კიდევ სხვა არაერთ დეტალზე ბრალდებული სასამართლოს დარბაზში დღეს 4 საათის განმავლობაში საუბრობდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებული და ამავდროულად დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 13 ოქტომბერს დაიკითხა, სადაც ამტკიცებდა, რომ მან და მისმა თანმხლებმა პირებმა გურამ ამირხანაშვილს შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. როგორც  ჩიქოვანი ირწმუნება, ამირხანაშვილი აკაკი ქვრივიშვილმა იპოვა და იმის გამო, რომ მას თანხა არ ჰქონდა, თბილისში მათთან ერთად დაბრუნება შესთავაზა.

ჩიქოვანი სასამართლოში 4 საათი იკითხებოდა. დაკითხვის დროს განმარტა, რომ მისი სატელეფონო კომუნიკაციებიდან მხოლოდ არჩილ გაგნიძესთან საუბარი ახსოვს, არ ახსოვს საუბარი გიორგი ქათამაძესთან, რომელიც ავტომაგისტრალზე "მერსედესის" მგზავრებმა სცემეს და არც საბა ჩხარტიშვილთან, რომელსაც ვახო ჩიქოვანისთვის განზრახ სხეულის მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

ვახტანგ ჩიქოვანი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც დაზარალებულის სტატუსს ატარებს. მან დაზიანება თავის არეში აგარაკზე მიიღო, თუმცა დაკითხვის დროს არ დაუკონკრეტებია, ვინ იძალადა მასზე. მისივე განმარტებით, რამდენიმე პირი ძირს დავარდნის შემდეგ ურტყამდა. 

დღის ამბები