ზუგდიდის ბაზარში კორონავირუსი 33 პირს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით 279 ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 65-ზე პასუხი დადებითია.
აქედან 48 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო 4 კი ახალი შემთხვევაა და ისინი რუხის და "ევექსის" კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
ზუგდიდის შემთხვევებიდან 33 შემთხვევა ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულს უკავშირდება, რომლებიც ცენტრალურ ბაზარში მუშაობდნენ.
ეს ადამიანები ამ წუთას იმყოფებიან თვითიზოლაციაში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის წარმომადგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას მათი ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
გარდა ამისა, შემთხვევები დადასტურდა წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, სენაკში, ხობში, აბაშასა და მესტიაში.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 15 პირი გამოჯანმრთელდა.