ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სოხუმში, დე ფაქტო ხელისუფლების უკანონო პატიმარი "წითელი ჯვრის" საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 27 წლის მამაკაცმა ოჯახს წერილიც გამოუგზავნა, სადაც წინასწარი მოთავსების იზოლატორში არსებული მდგომარეობის შესახებ ჰყვება. სხვა კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, ოჯახის წევრები "კურიერთან" ამ დროისთვის არ საუბრობენ.
ირაკლი ბებუა ე.წ "მილიციამ" ე.წ "აფხაზური დროშის" დაწვის გამო დააკავა. მოგვიანებით, მას საბრძოლო მასალის შენახვაც დააბრალეს, რომელიც, თითქოსდა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს. ოჯახი დახმარების თხოვნით საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.