23 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
პრეცედენტი, რომელმაც შესაძლოა სხვა კრიმინალები წაახალისოს - ოპოზიცია ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აკრიტიკებს

ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას და იქ მიმდინარე მოვლენებს ოპოზიციაში ხელისუფლების მარცხს უწოდებენ. მართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დაუსჯელობის მეთოდით, გამოუძიებელი საქმეებით,  დამნაშავეები წაახალისა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, ხელისუფლებამ დამნაშავეს ადეკვატური პასუხი ვერ გასცა. 

"იყო სრული ქაოსი, გაუგებრობა და ეს ქაოსი დაგვირგვინდა იმით, რომ გაიტაცა ფული, მძევლები, თავად პოლიციელები, რაც ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველა ადამიანისთვის და გაიქცა. ვფიქრობ, ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია და აქ არ იყო მხოლოდ ერთი მონაწილე. ისე ჩანდა, რომ გარედანაც ჰყავდა მას დამხმარეები. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური პასუხი გაეცა მისთვის. ერთი, რაც ნამდვილად კარგია, არის ის, რომ მსხვერპლით არ დასრულებულა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, გუშინდელი ინციდენტი დაუცველობის მძიმე განცდას ტოვებს. 

"მსგავსი ტიპის ეპიზოდები არის ხოლმე ცუდი გაკვეთილი ცუდი ადამიანებისთვის. ამიტომ, სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა ასეთ დროს არის ხოლმე მოწოდების სიმაღლეზე დგომა, რომ არავის ჰქონდეს მომავალში იმის განცდა, რომ ასე შეიძლება შეხვიდე, ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო და შემდეგ იშოვო იაფი ფული. გუშინდელი ინციდენტი ტოვებს მძიმე განცდას იმისა, რომ არავინ არ არის დაცული,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მომხდარზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს, რადგან, მისი თქმით, მსგავსი ინციდენტი მას არ ახსოვს.

"არაფერი მსგავსი არსად არასდროს არ მინახავს, არ გამიგია, მართლა უნიკალური ქვეყანა ვართ, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ - კომენტარის გაკეთება დამატებითი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია, იმიტომ, რომ მილიონი კითხვა რჩება ყველაფერთან დაკავშირებით. მე დიდად ხელისუფლებისგან ადეკვატურ კომენტარს, მოქმედებას, გაგრძელებას ამ პროცესისას არ ველი. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატურია,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ლელო საქართველოსთვის" წევრის ლევან სამუშიას შეფასებით, ყველაზე მძიმე ამ ვითარებაში არის ის, რომ ამან, შესაძლოა, სხვა კრიმინალების წახალისება გამოიწვიოს. 

"წარმოუდგენელი რამ ხდება, როდესაც დღისით, მზისით, ერთი დამნაშავე სრულიად სისტემას და სრულიად ქვეყანას ატერორებს, თავისი გააქვს და, აქედან გამომდინარე, ვიღებთ იმ პრეცედენტს, რაც შეიძლება წამახალისებელი იყოს სხვა კრიმინალებისთვის. როდესაც ვსაუბრობდით სისტემის ჩამოშლაზე, ზუსტად ეს არის სისტემის ჩამოშლა და სისტემის კრახი. მე არ ვლაპარაკობ იმ რიგით პოლიციელებზე, ან იქ მყოფ ადამიანებზე, რომლებიც მზად იყვნენ თავისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დასაყენებლად, მე ვლაპარაკობ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე,"- განაცხადა ლევან სამუშიამ. 

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები