მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირების პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროცესზე დაიკითხებიან მოწმეებიც, თუმცა კონკრეტულად ვინ, უცნობია.
"ვთხოვეთ უბრალოდ, წინასწარ ეთქვათ, წინა საღამოს მაინც, ვის წარმოდგენას აპირებდნენ, რომ დაცვის მხარეც შესაბამისად მომზადებულიყო ამ მოწმეების დაკითხვის დროს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრალდების მხარისთვის ეს მიუღებელია. გამომდინარე აქედან, ვის მოიყვანს დღეს და ვის წარმოადგენს ბრალდების მხარე, ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ არც ერთიო მოწმე არ ადასტურებს გარდაცვალების ფაქტს, რომელიც მოხდა 19 ივნისს,“ - განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.
ადვოკატების განცხადებით, დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ კობა ჩიტიძე დაიკითხება, რომლებიც ციხეში ნიკოლოზ რევაზიშვილთან ჩაწერილ ვიდეო მასალაში ფიგურირებს.
"საქმეში გვაქვს ფარული ვიდეო მასალა, ფარული კადრები, რომელიც ამოღებულია საკნიდან და მასთან ერთად სინთეზში მოვახდენთ დაკითხვას. აღნიშნულ ჩანაწერებში ჩანს, რომ სრულიად სხვა სახის კომუნიკაციაა ბატონ რევაზიშვილსა და ჩიტიძეს შორის, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ კომპლექსურად დავკითხავთ. ცალსახაა, რომ ეს არის ცრუ მოწმე და ამის პირდაპირ ლუსტრაცია მოხდება სასამართლო დარბაზში,“ - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა.