თბილისის საქალაქო სასამართლო ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებული 7 პირის საქმეზე მსჯელობს. პროცესს ყველა ბრალდებული ესწრება. მათ სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინეს, რომლითაც ფიქრობენ, რომ უდანაშაულოები არიან. ოპოზიციური პარტიების აქტივისტები, რომლებსაც გამოძიება დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობის ედავება, სასამართლოს დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გუშინ ღამით გათავისუფლეს.
7-ვე პირს წარმოდგენილი აქვს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც როგორც თავად ამბობენ, დასტურდება, რომ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და მათი პროტესტი იყო სამართლიანი.
დაკავებულს აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო მათ მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
"ჩვენ წარმოვადგენთ უკვე მტკიცებულებებს, ასევე, გვეყოლებიან მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ რომ ის აბსურდული მუხლები, რითიც სურთ ჩვენი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, თუნდაც ჯარიმის დაკისრება, ამ ყველაფერს გააქარწყლებს. ისინი რა მტკიცებულებებს წარმოადგენენ, არ ვიცი, სამხრე კამერები ეკეთათ, მაგრამ ვერ შეძლებენ ვიდეოჩანაწერების ამოღებას," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.
საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი პროცესი იმართება, ამ შემთხვევაში საუბარია გუშინ ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიასთან დაკავებულ 3 პირზე. ამ შემთხვევაშიც, დაკავებულებს გამოძიება დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობის ედავება.
ერთ-ერთი დაკავებული უკვე გამოუშვეს სასამართლო პროცესიდან, თუმცა როგორც ცნობილია, მის საქმეზე სასამართლო განხილვა ორშაბათს გაგრძელდება.
"არ ჰქონდათ მტკიცებულებები და შესაბამისად ჩვენივე მოთხოვნა იყო, რომ წარმოედგინათ სამხრე ჩანაწერები. დღესვე იქნებოდა ეს კარგი, მაგრამ დღეს ვერ მოხერხდებაო ბატონმა პოლიციელმა განაცხადა. 24 საათის შემდეგ იქნებაო მზად, რადგან შაბათ-კვირა უწევს, ორშაბათს გადაიდო 12:00 საათზე," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი რურუამ.