დღეს, თბილისის პარალელურად, ოპოზიციური პარტიები ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას ბათუმშიც გეგმავენ. ქალაქში გაშლილია კარვები, სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ღამე გაათენეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ოპოზიციის მხარდამჭერები 6 საათზე შეიკრიბებიან და ადგილზე ბოლომდე დარჩებიან.
"დღესაც ისევე, როგორც თბილისში, 5-დან 6 საათამდე ჩვენ ვიკრიბებით და ჩვენ დავრჩებით აქ, იმიტომ, რომ ყველას მოვუწოდებთ ერთ რამეს - დავდგეთ ერთად. დღევანდელი რეგულაცია, რაც "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, 7 საათიანი აკრძალვა, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე შეუძლია 24 საათიანი აკრძალვა მოუწიოს თითოეულ მოქალაქეზე. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს უნდა ვუთხრათ - არ დავთმოთ, დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე,"-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
"ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. კომენდანტის საათთან დაკავშირებით ოპოზიციას მოქმედების სტრატეგია ჯერ არ შეუმუშავებია, თუმცა ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას აპირებენ.
"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. 6 საათზე ჩანიშნულია დიდი აქცია, სადაც მოქალაქეები შემოგვიერთდებიან. 10 საათზე შემოღებულია კომენდანტის საათი, რომელიც სიმბოლურად დაარქვეს გადაადგილების შეზღუდვას, რაც სრულიად გაუგებარია. ამაზე გადაწყვეტილება ოპოზიციურ ფორმატს ჯერ არ მიუღია, მაგრამ, მიუხედავად ნებისმიერი შედეგისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, იქამდე, სანამ არ იქნება მიღწეული ორი მნიშვნელოვანი შედეგი - ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და ამ სახელმწიფო ინსტიტუტის ტერორისგან გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები,"-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.