თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მუსიკოს მიხეილ თოდუას "მიხაილოს" სასამართლო პროცესი იწყება. პრობაციის სამსახური მუსიკოსის ციხეში დაბრუნებას მოითხოვს.
როგორც მიხეილ თოდუა აცხადებს, პრობაციის სამსახურს სურს, რომ საპატიმროში სასჯელის დარჩენილი ვადით, წელიწადითა და ათი თვით დაბრუნდეს. მიხეილ თოდუას თქმით, მას 13-14 და 17 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა საპატიოდ არ ჩაუთვალეს, 17 ოქტომბერს მან "გირჩის" პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.
"მიზეზი არის წარმოდგენილი პრემიერის ბრძანება, რომელიც კრძალავს 10 საათის შემდეგ თავშეყრის ადგილებს, აღმოჩნდა, რომ 16 რიცხვში გამოტანილი ბრძანებით, არ მითვლიან 13 რიცხვის ივენთს, შესაბამისად, 17 რიცხვის ივენთსაც. კანონიერად ეს გადაწყვეტილება არის თავიდან ბოლომდე უსამართლო და უსაფუძვლო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს მიზეზი და ვერ ვნახულობ ვერცერთ მიზეზს, გარდა იმისა, რომ რადგან "გირჩის" პოლიტიკური საღამო იყო, ვიღაცას არ მოეწონა," - აცხადებს მიხეილ თოდუა.
სასამართლოში იმყოფება პარტია "გირჩის" ლიდერიც, მიხაილოს საქმეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მუსიკოსს პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო სჯიან:
"ცალსახად, პოლიტიკური ამბავია, ალბათ თავის ჭკუით სჯიან "გირჩს" ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ამ ადამიანს, რომ "გირჩთან" ითანამშრომლა. მარტო "გირჩის" ივენთზე არაა საუბარი, ორ სხვა ივენთზეცაა, თუმცა გირჩის მიერ მოწყობილი ღონისძიების შემდეგ ატეხეს ეს ამბავი. სინამდვილეში, გასაგები რომ იყოს კონტექსტი, ეს ადამიანი თითქმის 7 წელი ტყუილად ჰყავდათ გამოკეტილი ციხეში, არ არსებობს სამყაროში ადამიანი,რომელიც იტყვის რომ მიხაილომ მას რამე დაუშავა. რასაც ედავებიან, არის ის, რომ საბუთში უნდა გეწეროს არტ-მენეჯერიო და ამის მაგივრად, რაღაც სხვა რომ გიწერია, ამის გამო უნდა შეგაგდოთ უკან 2 წელი ციხეშიო. ანუ, იმას კი არ ამბობენ, რომ მიხაილო გარბოდა ქვეყნიდან, მიმალვა უნდოდა, ან რაღაცა მსგავსი, რის გამოც შეიძლება ადამიანი მართლა ციხეში შეაბრუნო, თუნდაც უდანაშაულო. ტექნიკურ ხარვეზზე ედავებიან, საბაბს ეძებენ, რის გამოც უნდათ რომ დასაჯონ და შეაბრუნონ 2 წელი ციხეში ადამიანი, რომელიც 7 წელი უკვე იჯდა არაფრის გულისთვის,"- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
სასამართლოსთან შეკრებილები არიან მიხაილოს მხარდამჭერები, ისინი საქმის აბსურდულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება აჩენს ეჭვს, რომ მუსიკოსი ნამდვილად პოლიტიკური მოტივით ისჯება.
მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო, სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.
შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი, პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.