08 სექტემბერი 2026,   01:37
ვრცლად
განაჩენის მოლოდინში - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდებიან

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის ბრალდებულის ოჯახის წევრები და ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. მოსამართლე მაია ოშხარელია გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებს. ოჯახს და უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ 6-ვე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. 

"არანაირი მტკიცებულებები არ დევს საქმეში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს ერთადერთი კანონიერი, გამამართლებელი განაჩენი. ვერცერთი მოწმე ვერ დაადასტურებდა, ვინაიდან არ მომხდარა ორგანიზებული დანაშაული, ეს იყო სპონტანურად, ბავშვების წამოყვანის მიზნით ჩავიდნენ იქ, როგორც ყველამ ვიცით და მოხდა შემდეგ რაღაცა უსიამოვნება. ორგანიზებულ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს,"-აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი.

"იმ იმედით ვარ მოსული, რომ მოვისმენ სამართლიან და არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი. 

"სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენაში,"-აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

განსხვავებულია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. პროკურორი ნანა გუგუტიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდებულების დანაშაულს ადასტურებს. 

დღის ამბები