ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო შეუერთდა კოვაქსის გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყნებს შორის კორონავირუსის ვაქცინის სამართლიან გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს გაკეთებული შეკვეთა და როგორც კი ვაქცინა იქნება, ქვეყანა მას მიიღებს.
"ვაქცინასთან დაკავშირებით საკმაოდ იმედისმომცემი შედეგებია. ბოლო პერიოდში რამდენიმე საკმაოდ კარგი შედეგი გაჟღერდა სხვადასხვა მკვლევარების ჯგუფის მიერ წარმოებულ ვაქცინებთან მიმართებაში. საქართველო უკვე შეუერთდა კოვაქსის გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც არის იმ მიზნით შექმნილი, რომ ქვეყნებმა ვაქცინა მიიღონ როგორც კი იქნება და ვაქცინის გადანაწილება ქვეყნებს შორის იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი.
ჩვენ 20%-ზე გვაქვს შეკვეთა გაკეთებული. ეს არის, პირველ ეტაპზე, ის მაქსიმალური რაოდენობა დოზების, რაც ქვეყანამ შეიძლება მიიღოს. თანხის ნაწილი უკვე გადახდილია. ამდენად, ვაქცინა როგორც კი იქნება, საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომელიც მიიღებს ვაქცინას. დღეს უკვე აქტიური შეთანხმებები ტარდება ლოჯისტიკის ჯაჭვთან და იმ პრიორიტეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით, ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა პირველ რიგში, რათა გვქონდეს ყველაზე ოპტიმალური შედეგები ვაქცინაციის ფონზე,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.