გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწოვნებისთვის სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.
ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატ არჩილ ბერიანიძისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი იყო, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე არასრულწლოვანთან მიმართებაში მაქსიმალურ შეღავათს გამოიყენებს.
"განაჩენი არის უკანონო, ჩვენ არც ველოდებოდით სასჯელის დანაშაულად ცნობას, იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოზ ცუცქირიძესთან მიმართებაში, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ცალსახად უნდა ყოფილიყო სასამართლოს გადაწყვეტილება გამამართლებელი. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მოგვიწევდა სასამართლოში გამოცხადება. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ ამ ნაწილში მაინც სასამართლო გამოიყენებს მაქსიმალურ შეღავათს არასრულწლოვანთან და ბრალდებულებთან მიმართებაში,"- განაცხადა ადვოკატმა.
არასრულწლოვან ლ.შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი სხდომაზე დასწრებას არ აპირებს, რადგან, მისი თქმით, მოსამართლის მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.
"ბუნებრივია, რაიმე სახის მოლოდინი იმისა, რომ იქნება რაიმე სახის ობიექტური გადაწყვეტილება, არ მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბოლომდე ველოდებოდით, რომ სასამართლოს მხრიდან იქნებოდა ობიექტური გადაწყვეტილება, არ იქნებოდა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სასამართლომ, რაც არის დაუსაბუთებელი, მიკერძოებული გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, არანაირი სურვილი არ მაქვს ვიმყოფებოდე იმ დარბაზში და ვუსმინო მოსამართლის გადაწყვეტილებას სასჯელის დანიშვნის თაობაზე, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გამაჩნია მოსამართლის მხრიდან,"- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდადებულებს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით მოსამართლეს შეუძლია, ბრალდებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდოს.