19 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ბალისტიკური ექსპერტის მიხედვით, საფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" ფილიალზე თავდასხმის განმახორციელებელ პირს ბრალი უკვე წარუდგინეს.

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც პარასკევს საფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ლევან ზურაბაშვილი არ იყო შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, შესაბამისად მას ეს მუხლი მოეხსნა.

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის დემონსტრირებას აუცილებლად აპირებს, როდესაც ლევან ზურაბაშვილი იზოლატორიდან გამოვა.

"ექსპერტიზის შედეგები ჩვენთვის არ იყო ახალი, ბატონ ლევანს არ ჰქონია არც ხელყუმბარა და არც ცეცხლსასროლი იარაღი. შესაბამისად ველოდებით, რომ ბრალის ფორმულირებიდან ამორიცხული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის-შეძენა-შენახვა-ტარება,"- აღნიშნა ირმა ჭკადუამ. 

ლევან ზურაბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ჭაჭუა აცხადებს, რომ არსებული ბრალით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასჯელის ზომა 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება.

დღის ამბები