23 დეკემბერი 2024,   01:34
ვრცლად
"ფაქტი არის ერთი, ხელისუფლებამ უკან დაიხია" - იქნება თუ არა საგამოძიებო კომისიის შესახებ შეთავაზება ოპოზიციისთვის მოთხოვნების საპირწონე 

მმართველი გუნდის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს და რომელიც არჩევნების შედეგს გადაითვლის, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, მოლაპარაკებებიდან მეტი შედეგი გამოიტანონ. მისი თქმით, შესაძლოა, ეს შეთავაზებაც იყოს ერთგვარი კომპრომისული ვერსია მხარეებს შორის. 

"ფაქტი არის ერთი, ხელისუფლებამ უკან დაიხია და რეალურად, რაზეც რაღაც წითელი ხაზები იყო გავლებული, ის წითელ ხაზები აღარ არის წითელი ხაზები. მოლაპარაკებას აქვს აზრი. რადგან ვართ ამ პროცესში, ამ პროცესიდან უნდა გამოვიღოთ მაქსიმუმი და ეს მაქსიმუმი მათ შორის შეიძლება იყოს ის, რაც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა, მათ შორის კომისია,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი ირაკლი კობახიძის შეთავაზებას არასერიოზულს უწოდებს - ისინი ამბობენ, რომ მმართველ პარტიას არ ენდობიან. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" პირობა არ შეასრულა. 

"ჩემი აზრით, ეს არის აბსოლუტურად ის საგანი და ის საკითხი, რომელიც არც უნდა განიხილებოდეს, თუ არ ტარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის ნომერი ერთი და ნომერი ორი პრიორიტეტული საკითხები. ყველა სხვა დანარჩენი შემოთავაზება არის უადგილო,“ - აცხადებს ნიკა მელია.

საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მმართველი გუნდის შეთავაზებას ეხმაურება პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე. 

"საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში ვერ იქნება ის საკითხი, რომელზე შეთანხმების საფუძველზე შეიძლება ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. პარტიები, რომლებიც ახლა ითვლებიან ზღვარგადალახულ პარტიებად და მათ ეკუთვნით პარტიული დაფინანსება, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნება" იმის პასუხად, რომ ეს პარტიები არ შევლენ პარლამენტში, ეს იქნება კონფრონტაციის და დაპირისპირების კიდევ ერთი გაღრმავება.

ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ბოიკოტთან მიმართებაში, დაფინანსების წყაროს, ან დაფინანსების გამო. ეს იქნება კიდევ ერთი შეცდომა და სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო მეტად "ქართულ ოცნებას" დააზიანებს, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის შეთავაზება ვერ გახდება ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადების საპირწონე. გარდა ამისა, სერგო ჩიხლაძე ირაკლი კობახიძის განცხადების იმ  ნაწილსაც ეხმაურება, სადაც უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ პარლამენტში არ შესვლის შემთხვევაში პარტიებს დაფინანსება გაუუქმდებათ. მან ამ განცხადებას შანტაჟი და საფრთხის შემცველი უწოდა.

"ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საპირწონე იმ წინადადებების, რომელიც ჩვენ მივიტანეთ და ასევე, ამაზე არ არის თანხმობა იმ მოლაპარაკების მაგიდაზე და როგორც საპირწონე ძირითადი თემების, რაც არის პატიმრების თემა და ხელახალი არჩევნები ან პლებისციტი, ამის საპირწონედ ეს არ განიხილება, რა თქმა უნდა.

მას კანონის შეცვლა მოუწევს, რომ ეს დაფინანსება შეცვალოს, მეორე - ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, დაშინება, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ამ მოლაპარაკებებისთვის. ეს პირდაპირი გზავნილია მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, როდესაც ჩვენ თითოეულ სიტყვას ვზომავთ,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „სისულელეს“ უწოდებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.

დღის ამბები