19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება მიმდინარეობს - პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება

დღეიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება დაიწყო. პროცესი დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება. საბჭოს წევრები დღეში ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბოლოოდ 50 კანდიდატიდან 9 უნდა შეირჩეს, რომლებიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოქმედ მოსამართლეებს - ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმენენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამტკიცებენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და კანდიდატის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება. განსხვავებულად ფიქრობს ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, ყველაფერი ფორმალობაა და ე.წ. კლანი ნებისმიერ შემთხვევაში მისთვის სასურველ პირს დაუჭერს მხარს.

"როდესაც სისტემა არის კლანის ხელში, რა კითხვებიც არ უნდა დასვა, ამ კითხვებს აქვს ერთადერთი მიზანი ამ შემთხვევაში რომ საზოგადოებამ გაიგოს ვინ არიან ისინი, როგორი მოსამართლეები არიან. პრობლემა სწორედ ეს არის, რომ კლანურად მიიღება გადაწყვეტილებები. რა გასაუბრებაც არ უნდა ჩავატაროთ ჩვენ, რა კრიტიკული კითხვებიც არ უნდა დავსვათ, პარლამენტი ამას მხედველობაში არ მიიღებს," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გასაუბრების პროცესის პარალელურად, უზენაესი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებს უკეთებიათ პირბადეები წარწერით : "კლანი უნდა წავიდეს".

დღის ამბები