19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
კორონავირუსის პიკი გადავლილია - ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად ეპიდემიოლოგები ლეტალური შედეგების ზრდას არ გამორიცხავენ 

ვირუსის გავრცელების პიკმა ქვეყანაში უკვე გადაიარა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს. თუმცა ამირან გამყრელიძე სტატისტიკის ზრდას მომდევნო დღეებში ისევ ვარაუდობს. ბოლო ერთი კვირის სტატისტიკით ინფიცირების მაჩვენებლის მრუდმა დაშვება დაიწყო, თუმცა ახლა მოსალოდნელია "კოვიდ-19-ით" გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა.

კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების ფონზე ქვეყანას ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი მძიმე პაციენტი ჰყავს, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, სპეციალისტები ელოდებიან, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება. მარტო ამ წუთისთვის 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. 

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, რეგულაციების შემსუბუქების საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა არათუ შემსუბუქების, არამედ კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს.

14 დეკემბრის მონაცემებით კი კოვიდსტატისტიკა საქართველოში ასე გამოიყურება - პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოვლინდა 191 063 შემთხვევა, ლეტალურად დასრულდა 1839, ქვეყანას უკვე 161 681 კოვიდგამოჯანმრთელებული ჰყავს.

დღის ამბები