პირი, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, გლდანში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. 29 წლის მამაკაცი, რომელიც ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის გლდანის რაიონში ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა და სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. ვითარება მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.
იმ ოჯახის წევრები, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა, დეტალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს სახლში არასრულწლოვანიც იმყოფებოდა:
"მათ არ ემუქრებოდა, თავის თავს ემუქრებოდა, ხელყუმბარას ვერ გეტყვით იყო თუ არა," - აცხადებს აღნიშნული ოჯახის ერთ-ერთი წევრი მამაკაცი.
პირველი განცხადება გააკეთა ადვოკატმა. თამარ აბესაძე უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხელყუმბარით იყო შეიარაღებული.
"პოლიცია მიდიოდა გიორგისთან, უნდა დაეკავებინა, დამიკავშირდა და მითხრა, რომ მე ვიყავი მისი ნდობით აღჭურვილი პირი და სანამ მე არ მივიდოდი, ცოცხალი არ ჩაბარდებოდა. პოლიცია მიდიოდა იმიტომ, რომ საჩივარი იყო შესული. წუხანდელამდე არანაირი ხელყუმბარა არ იყო ამოღებული და დღეს არ ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ ვერ ამოიღებენ, იმიტომ, რომ არ არსებობს. შემაკავებელი ორდერი მასზე გაცემული არ ყოფილა, ნასამართლევი არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა," - აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე.