გოგი ქავთარაძის ბიოგრაფია 90-მდე სპექტაკლს, 30-მდე ფილმს და არაერთ მნიშვნელოვან პროფესიულ ჯილდოს მოიცავს. ცნობილი რეჟისორის და მსახიობის კარიერა კი ერთ მშვენიერ დღეს სრულიად შემთხვევით დაიწყო. თავდაპირველად თეატრში სულ სხვა მისიით მივიდა. მუშად, რომელიც სხვადასხვა ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდა. ერთ დღეს კი სცენაზე მოხვდა და ამ დღეს მისი ბედიც სამუდამოდ განისაზღვრა.
ცნობილი მსახიობი და რეჟისორი იყო ბათუმის, ქუთაისის და სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა. 2004 წელს კი გოგი ქავთარაძე რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი წელს სწორედ რომ მარჯანიშვილის თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმას გეგმავდა და განსაკუთრებით ელოდა თეატრის ეზოში მისი მომავალი ვარსკვლავის გახსნას.
გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში 20 დეკემბერს გარდაიცვალა.