15 სექტემბერი 2026,   09:46
ვრცლად
დაპირისპირება რაგბის კავშირში - სხდომა, რომელზეც არჩევნების ჩატარების თარიღი უნდა განესაზღვრათ, გადაიდო

ახალი დაპირისპირება რაგბის კავშირში - მორაგბეთა კლუბების უმრავლესობა ითხოვს არჩევნების ჩატარებას, რომელიც 30 დეკემბერს იყო დანიშნული.

დღევანდელი სხდომა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ვერ ჩატარდა და კვირისთვის გადაიდო.

კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამგეობას თარიღის გადაწევა უნდა, რაც მათთვის მიუღებელია.

"შევთანხმდით, რომ სხდომა გადავდოთ, მომზადდეს საკითხი. იყო აზრთა შეხლა-შემოხლაც, რა თქმა უნდა, ცივილიზებულ ფორმებში. ყველაფერი წესრიგშია, სხდომა კვირას გაიმართება და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს საქმე აქამდეც არ უნდა მოსულიყო, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ეს საკითხი სამსჯელო," - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე კი აცხადებს, რომ კლუბების 70% მომხრეა ჩატარდეს არჩევნები, რადგანაც "უნდა მიეცეს პრეზიდენტს ლეგიტიმაცია და შეძლოს ახალ ეტაპზე გადაიყვანოს ქართული რაგბი".

საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილი კი აღნიშნავს, რომ სხდომაზე დღეს არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღების მცდელობა იყო, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. 

"ჰქონდათ მცდელობა, რომ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიეღოთ. კლუბების 99%-ს უნდა, რომ არჩევნები 30 რიცხვში ჩატარდეს და ეს უკვე ჩანიშნულია. ვფიქრობ, საშიშროება ისევ გრძელდება, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის იმ წევრებს, რომლებმაც არ დაუშვეს, რომ გამგეობას არაკანონიერი გადაწყვეტილება გამოეტანა. ასევე, მორაგბეების მობილიზებამ და კანდიდატების სამართლიანმა მოთხოვნამ გავლენა იქონია,"- აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილი.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, ბაჩო ხურციძეს, რომელსაც მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს ჩატარდება, ეს არალეგიტიმური იქნება. 

"ზეწოლის შედეგად, გამგეობას გაეპარა ხარვეზი და დანიშნა არჩევნები არასწორად. გადადებული არჩევნების დანიშვნა შეიძლებოდა არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 30 დღისა. ბუნბერივია, 30 დღიანი ვადა დაირღვა. შესაბამისად, ეს არჩევნები რა ფორმითაც დანიშნეს, არალეგიტიმური იყო. იმ შემთხვევაში, თუკი მე გავიმარჯვებ, სხვა კანდიდატებმა ეს შესაძლოა თავისუფლად გამისაჩივრონ. ამიტომ, ველოდები მაინც, რომ გამგეობა კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს,"- აღნიშნავს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.



 

 

 

 

დღის ამბები