20 აპრილი 2024,   00:33
ვრცლად
გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე უკვე როგორც გაერთიანებული ფრონტი, ისე იბრძვიან რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში - ბაჩო ხურციძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე მის კონკურენტ ორ კანდიდატს, გოჩა სვანიძესა და ირაკლი აბუსერიძეს, ფარულ კავშირში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, სვანიძე და აბუსერიძე მხარს ერთმანეთს უჭერენ და არჩევნებისთვის როგორც გაერთიანებული ფრონტი, ისე იბრძვიან.

"უკვე აღარ ვიცი, როგორ გავმიჯნო იმიტომ, რომ ბატონი გოჩა და ბატონი აბუსერიძე უკვე როგორც გაერთიანებული ფრონტი, ისე იბრძვიან ამ არჩევნებში და ბატონი სვანიძის ხმების ნაწილი, როგორც ვატყობ, უკვე გახდა ბატონი აბუსერიძის ხმების ნაწილი. ზუსტად ამ ხმების გაუქმება მოუწევდა გამგეობას და როგორც ჩანს, ეს არ აწყობს ზოგ-ზოგიერთ კანდიდატს.

დიახ, ბატონი გოჩა და ბატონი ირაკლი არიან ძალიან შეხმატკბილებულები და ერთიანი რაღაც მიზნისთვის იბრძვიან იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმ ფონზე, როდესაც არჩევნები იყო გადადებული 1 წლით, რატომ არ შეიძლება, რომ არჩევნები გადაიდოს კიდევ 20 დღით, მოხდეს სუბიექტებისთვის მინიჭებული ხმების თავიდან გადათვლა და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაცია აღარ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც გავიდა 1 წელი, რას წყვეტს 20 დღე? აი ამ კითხვას ვსვამ," - განაცხადა ბაჩო ხურციძემ "დღის კურიერის" ეთერში.

ბაჩო ხურციძე არჩევნების კიდევ 20 დღით გადავადებაში პრობლემას ვერ ხედავს. შეგახსენებთ, დაპირისპირება რაგბის კავშირში კვლავ გრძელდება. დღეს რაგბის კავშირში არჩევნების ჩატარების სადავო თარიღთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც კვირისთვის გადაიდო. 

 

დღის ამბები