მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დროს ფეხში დაჭრეს, არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, რაგბის კავშირს ისეთი ხალხი მართავს, რომელიც ყველა მიმართულებით სარგებელს იღებს.
"მე არასდროს ვერიდები ხმამაღლა საუბარს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგად ჩანს, ვინ მართავს და ვისი გავლენებია დღეს ქართულ რაგბიში. იმასაც გეტყვით, რომ ყველა მიმართულებით მათ სარგებელი აქვთ - იგივე სამედიცინო კუთხით, კვების კუთხით, ტურისტული კუთხით. ეს ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში მართავდა რაგბის კავშირს, ამ გაჭირვებული სპორტიდან, ვფიქრობ, რომ დღეს სახლში ფული არავის არ უნდა მიჰქონდეს და საკუთარ კომფორტზე არ უნდა იყოს მოწყობილი. ამიტომ, აუცილებელია, ჩატარდეს არჩევნები და ახალი ძალა მოვიდეს.
რაგბის კავშირს ძალიან ცოტა აქვს დაფინანსება. შეგვიძლია, შევადაროთ ევროპის საშუალო დონის ნაკრებების და ქვეყნების დაფინანსებას და, თუნდაც, მეზობელი ქვეყნების დაფინანსებას, აბსურდულად დაბალია დაფინანსება, თუმცა, ამ მცირე სახსრებითაც შეიძლება რაღაცის გაკეთება, თუ არ იქნება კორუფცია და ფულის სახლში წაღება,"-განაცხად მან.
მისივე განცხადებით, არჩევნების გადადების მიზეზად გამგეობაში ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების სურვილს უკავშირებენ, თუმცა, თავად მიიჩნევს, რომ ეს სიცრუე და ჭორია.
"არჩევნების ჩაშლის საშიშროება დღესაც არსებობს, დღევანდელი დღე ამის მაგალითი იყო. კვირასაც შეიძლება ამაზე იმსჯელონ და არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ დადგეს საფრთხის ქვეშ. ერთ-ერთი მიზეზი, რასაც ამბობენ და ასახელებენ გამგეობაში, უფრო მანიპულაციას ჰგავს, კონკრეტულ სახელს და გვარებს ასახელებენ, ვისაც სურთ თითქოს გადადება. მე ხელში მიჭირავს სახელმწიფოს რეკომენდაცია, რომ დეკემბრის ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. პირადად მე შევხვდი პრემიერს, რომლისგანაც იყო პირობა, რომ დეკემბრის ბოლომდე სახელმწიფო ჩაატარებდა არჩევნებს. ამიტომ, აბსურდულია სახელმწიფოს დავაბრალოთ, ეს არის ჭორი, ჩემი აზრით. არჩევნების გადადება ახლა რაგბის მტერს თუ მოუნდება,"-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ გადაიდო. უკანასკნელი დადგენილებით, არჩევნები 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის.