19 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

ინფორმაციას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ავრცელებს. ორგანიზაციის განმარტებით, სარჩელი საკონსტიტუციოში 2017 წელს, "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავების შემდეგ წარადგინეს. "საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა," – ამბობს ორგანიზაცია.

EMC-ის განცხადებით, სასამართლომ თავისთავად არაკონსტიტუციურად არ ცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება, მაგრამ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში, სამართალდამცავებს ვალდებულება აქვთ, რაღაც ფორმით გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა.

დღის ამბები