რელიგიური რიტუალი პოლიციის კონტროლით. სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი პარასკევის ტრადიციული ლოცვისთვის ემზადება. ზუსტად ერთ საათში ადგილობრივი ისლამის მიმდევრები შეიკრიბებიან სახლში, რომელიც მათთვის უკვე თითქის ერთი წელია, ჯგუფურად ლოცვის ადგილია.
ამას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი დაპირისპირება ადგილობრივ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან. ასევე, შედგა მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლების შუამავლობითაც.
დიალოგების ბოლო შედეგი ასეთია - ორი პარალელური ლოცვის შემდეგ, განსხვავებული აღმსარებლობის მატარებელი ერთი სოფლის მოსახლეობა, პრობლემის გადასაჭრელად ისევ შეიკრიბება.
გურიაში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენლები, ისინი ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირების ადგილზე შესწავლასა და მდგომარეობის განმუხტვაში დახმარებას ცდილობენ.
როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, სოფლის მოსახლეობა ირიბად საუბრობს ამ დაძაბულობის პოლიტიკურ მიზეზებზეც:
"ორივე მხარისთვის შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა და შემდგომი პერიოდი ადგილზე მშვიდობის არსებობას ხელს შეუწყობს. ირიბად, არაპირდაპირ უთითებენ პოლიტიკურ განზომილებაზე ამ დაძაბულობის. ერთის მხრივ ადგილობრივი ქრისტიანები საუბრობდნენ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ, როდესაც "ქართული ოცნება" ცდილობდა ხმების მობილიზებას ისინი დაპირდნენ მუსლიმებს მეჩეთის გახსნას და დღეს სწორედ ამ დაპირების გარშემო შექმნილი დაძაბულობაა, თუმცა მეორეს მხრივ არსებობდნენ სხვა ჯგუფები, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებიც უთითებდნენ ზოგიერთი, გუშინ გამოჩენილი აქტივისტის კავშირს "ნაციონალურ მოძრაობასთან," ან გარკვეულ ლოიალობას," - აცხადებს თამთა მიქელაძე.