04 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
მკვლელობა თბილისის ზღვაზე - ფერმის ვაგონში დაწყებული სისხლიანი გარჩევის დეტალები

საცხოვრებელ ვაგონში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება 38 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. სუფრაზე მისულმა სტუმარმა გოჩა წიკლაური ცივი იარაღით დაჭრა. დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა, დამნაშავე სტუმარი კი მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავეს.

მსხვერპლი ძმასთან ერთად თბილისის ზღვაზე, ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებთან სტუმრად კახა შერმადინი მივიდა. სუფრაზე კამათი თავდაპირველად ყოფით ნიადაგზე დაიწყო, შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც, რა დროსაც დაკავებულმა მასპინძელს დანა მოუქნია და სასიკვდილოდ დაჭრა.

მწყემსის მკვლელობა ფერმაში გვიან ღამით მოხდა. ტერიტორია თითქმის დაუსახლებელია, ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველიც. მომხდარის დეტალები მხოლოდ იმ პირებმა იციან, რომლებიც კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მუშაობენ. სამართალდამცველებმა ისინი უკვე გამოკითხეს, თუმცა კამერებთან საუბარი არ სურთ.

დაკავებული ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. კახა შერმადინი დუმილის უფლებას იყენებს. უწყებამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც    7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები