კასპში მძევლების აყვანის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ. 27 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
"კურიერთან" საუბარში დაკავებულის ოჯახი მომხდარის დეტალებს იხსენებს.
"ვიცი, რომ იქ რაღაცა ფული შეჭამეს, გამოტანებული ფული ადგილამდე ვერ მიიტანეს, ჩემს შვილამდე, რომელსაც მერე ხელფასები უნდა გადაეხადა და როცა ჩავიდა, რომ ფულს რატომ არ აგზავნითო, უთხრეს რომ ამას გამოვატანეთ, აი ამ კოკოს, 1800 ლარი, იმან მისცა 800 ლარი ჩემს შვილს. კოკომ უთხრა, ის ფული მჭირდებოდა და დავხარჯეო. კოკომ ჩართო თავის სამეზობლოში მცხოვრები ე.წ ქურდული სამყაროს წევრები. იმ "ქურდებთან" რა უნდა ექნა მარტო, საჩივარი შეიტანა კასპის პოლიციაში, პირველად გაუკეთეს იგნორი, წადი აქედან ბიჭო, ის ჩემი ძმაკაციაო," - აცხადებს გიორგი მენაბდიშვილის დედა თამარ მერებაშვილი.
გიორგი მენაბდიშვილის დეიდის, ხათუნა მერებაშვილის თქმით, მან ეს ქმედება პოლიციის ყურადღების მისაპყრობად ჩაიდინა:
"მაგიტომ ქნა, რომ პოლიციის ყურადღება მიექცია, თორემ ისე შეიძლება თავისი თავი მოეკლა. ვერ გრძნობდა თავს დაცულად, სახლში ვერ მოდიოდა, ცოლ-შვილი გახიზნული, გაუბედურებული," - განაცხადა ხათუნა მერებაშვილმა.
საგამოძიებო მოქმედებები კასპში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეიარაღებული პირი ქვის საამქროში დილით შეიჭრა და ორი პირი მძევლად აიყვანა. უთანხმოების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბიზნეს წილებს უკავშირდება. დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც, უწყების ინფორმაციით, სამსახური 2018 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცმა მძევლები გაათავისუფლა. ამის შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი, ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება - ეს არის მუხლი, რომლითაც გამოძიება მიდის.