08 სექტემბერი 2026,   05:45
ვრცლად
გარდაბანში დაჭრილ 26 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

გარდაბანში დაჭრილი 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის მკურნალობას რუსთავის კლინიკაში გადის.

"კლინიკა რუსთავის" სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულს ჭრილობა ბარძაყისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მას სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტს მალე პალატაში გადაიყვანენ.

"დაზიანებული ჰქონდა ბარძაყი და ვენა, აქედან გამომდინარე ძლიერი სისხლდენა იყო. გულმკერდის ღრუში იყო შემავალი ჭრილობა, გაკეთდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, აღდგენილ იქნა ყველა ანატომიური სტრუქტურა. პაციენტის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია, ადეკვატურია, კონტაქტურია და მალე გადავა პალატაში. ჭრილობები ბასრი საგნით იყო მიყენებული," - განაცხადა ექიმმა მინდია ბოცვაძემ.

შემთხვევა გუშინ მოხდა - შელაპარაკების ნიადაგზე 26 წლის მამაკაცი, ნაცნობმა მისივე სახლში, ცივი იარაღით დაჭრა. დაკავებულია ბრალდებულიც.

სოფელ გამარჯვებაში ყვებიან, რომ ფაქტი ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა, ამიტომ თვითმხილველები არ ჰყოლია. დაჭრას წინ უძღოდა შელაპარაკება.

საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები