19 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
დათა პაპას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის ინსტრუმენტი წითელი ჯვარია, რომელსაც ოჯახმა უნდა მიმართოს - გიორგი საბედაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დამაკმაყოფილებელია.

გიორგი საბედაშვილის განცხადებით, დათა პაპას, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა, შესაძლებლობის შემთხვევაში, წითელი ჯვრის დახმარებით მოხდება.

"დათა ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესახებ, რა წამსაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა იყო, დათა ვანიშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა, თუმცა ეს არის კომპლექსური პროცესი, არ არის მხოლოდ ჩვენ სურვილზე დამოკიდებული და პროცესში აქტიურად ერთვება წითელი ჯვარი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ერთადერთი ინსტრუმენტი არის წითელი ჯვრის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც თავის მხრივ, უნდა მიმართოს დათა ვანიშვილის ოჯახმა.

დათა ვანიშვილის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად გადმოყვანის პროცესში, ვითვალისწინებთ ორ მოცემულობას, ერთი რომ მხოლოდ ჩვენ სურვილზე არ არის ოკუპირებული ტერიტორიიდან ადამიანის გადმოყვანა და მეორე, ეს არის ოჯახის დამოკიდებულება, ხედვა, საკითხის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახს არ აწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უბრალოდ, ყველა ოჯახი საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მათთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და შესაძლებლობის შემთხვევაში, მოხდება დათა ვანიშვილის ცენტრალურ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. ამავდროულად, ბოლო ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. ჩვენ მზად ვართ, შესაძლებლობის შემთხვევაში, როგორც კი მკაფოოდ გამოიკვეთება ოჯახის მიდგომა საკითხის მიმართ, ჩავერთოთ საკითხში. "-აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი.

დღის ამბები