08 სექტემბერი 2026,   00:33
ვრცლად
"მე გუშინ რაც განვაცხადე, ის განვაცხადე ურაპატრიოტული განცხადებების წინააღმდეგ" - ივერი მელაშვილი

პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილის პოზიცია არ შეცვლილა და ის თავს კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, არ მომხდარა ის ფაქტი, რასაც პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება. 

მან ვრცლად ისაუბრა რუკებზეც, რომელიც საქმეში დევს, როგორც მათი დანაშაულის ერთ-ერთი მტკიცებულება. 

"სტრატეგია და ჩემი მტკიცებულებები არის ის, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულება, უბრალოდ, არ არსებობს. არ ყოფილა ქვეყნის საზიანო ქმედება, არასოდეს არ გვქონია, რაზეც პროკურატურა გვდებს ბრალს, რომ რაღაც 34.8 კვადრატული კმ თითქოს გადაეცა, ტყუილია. არაფერი ამგვარი არ მომხდარა. ჩემი მტკიცებულება არის სიმართლე, ის მასალები, რაც დადებულია.

ამ 200 ათასიანი მასშტაბის რუკას რაც შეეხება, იმიტომ ვთქვით თავის დროზე უარი მის გამოყენებაზე, რომ ეს არის შეცდომა, ერთი დიდი შეცდომა. რუკას აქვს ძალიან დიდი ტექნიკური ხასიათის წუნი, რაზედაც არის საუბარი. გარდა ამისა, სამართლებრივადაც შეუსაბამოა. ეს რუკა არის პერიოდის, რომელიც შედის 29 წლის სამართლებრივ ველში და იმ წელს საზღვრის აღწერა არის დამტკიცებული, სადაც ქაღალდზე წერია, ამ წერტილიდან იმ წერტილამდე როგორ გადის საზღვრის ხაზი. ეს აღწერა უფრო აზერბაიჯანული მხარის არგუმენტებს ამყარებს და შესაბამისად, ეს რუკაც შეიძლება განვიხილოთ ამ კონტექსტში,"-განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მან ისაუბრა საკუთარ გუშინდელ განცხადებაზეც, სადაც აღნიშნავდა, რომ დავით-გარეჯის ტერიტორიის ნაწილი შეუთანხმებელია. მისი თქმით, ერთია სახელმწიფო ინტერესები, და მეორე - მისი მიღწევის სამართლებრივი გზები. მან ხაზი გაუსვა, რომ მის ნათქვამს ინტერპრეტაცია არ უნდა მიეცეს. 

"ამ წუთში, რა საზღვარიც არის დახატული რუკებზე, რა საზღვარიც არსებობს 29 წელს დადგენილი, იმის მიხედვით სულ სხვა არის, განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვინდა. ამიტომ, ამას რომ მიაღწიო, სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომა, სიარული მწყობრად და მიყოლა ამას და არა ურაპატრიოტული განცხადებების კეთება. მე გუშინ რაც განვაცხადე, ის განვაცხადე ურაპატრიოტული განცხადებების წინააღმდეგ. როდესაც მხარეს რაღაც გაქვს და გინდა, იმას აქვს თავისი მიღწევის გეგმა, რომელიც უნდა შეიმუშავო და მიყვე ეტაპობრივად და აკეთო ის საქმე, რაც შენი აზრით, იქამდე მიგიყვანს, რომ ქვეყნის ინტერესი გამართლდეს,"-განაცხადა მელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ 20-20 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

დღის ამბები