ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის შეფასებით, განცხადებები, რომლებიც მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს, პროკურატურასა და სასამართლოს დარტყმას აყენებს.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საზოგადოებას ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეს, ასეთი განცხადებები კი სათავეშივე კლავს ამ იდეას.
"ძალიან მნიშვნელოვანია მათი გათავისუფლება, ეს დიდი მიღწევაა. მაგრამ, აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ როდესაც კეთდება კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო გარკვეული პოლიტიკური მორიგების შედეგი და არა დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილება, ძალიან სამწუხაროა, რადგან პირდაპირ აყენებს დარტყმას სწორედ პროკურატურასა და სასამართლოს, რომლის ნდობაც საზოგადოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
ჩვენ კიდევ სათავეში ვკლავთ ამ იდეას, როდესაც ვაცხადებთ, რომ პროკურატურამ მიიღო გარკვეული დავალება, განახორციელა შუამდგომლობის დაყენება, რასაც მხარი დაუჭირა სასამართლომ,"- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ 20-20 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.