24 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
ძალადობის მსხვერპლი ქალი ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა - იურისტი ომბუდსმენის აპარატმაც ამხილა

32 წლის ორი შვილის დედა, რომელიც წარსულში ძალადობის მსხვერპლი იყო ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

ახალგაზრდა ქალმა იურიდიული კონსულტაციისთვის ერთ-ერთ არასამთავრობოს მიმართა, საიდანაც მას ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა, მათ შორის შემდგარი არასასურველი კომუნიკაციის გამო კი ქალმა ადვოკატი "ფეისბუქზე" დაბლოკა. თუმცა, რამდენიმე დღის ინტერვალით მან მეგობრის თხოვნა კიდევ 2 პროფილიდან გაუგზავნა, იყო სატელეფონო კომუნიკაციაც.

მსხვერპლი "კურიერთან" ჰყვება, რომ ამის შემდეგ ჯანიბეგაშვილმა მისი ფოტოები "ფეისბუკში" შეურაცხმყოფელი წარწერებით გამოაქვეყნა, რის გამოც ქალმა დახმარებისთვის უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებამ ადვოკატს ფსიქოლოგიური ძალადობის, ადევნების და საჯარო შეურაცხყოფისთვის შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

სახეზეა უცხო პირის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი - ამ შეფასებისას ომბუდსმენის აპარატი მიმოწერის ამსახველ მტკიცებულებებს დაეყრდნო, რომლის ნამდვილობაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა.

ბრალდებების ადრესატი ლაშა ჯანიბეგაშვილი შეურაცხმყოფელ ფრაზებს პირადი აზრების გაცვლას უწოდებს, თუმცა ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველს მიმოწერა არასრული სახით გადასცეს, ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული რისთვისაც ჩივილს აპირებს.

ადვოკატმა მის მიმართ გამოწერილი ორდერიც გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. ჯანიბეგაშვილის მოთხოვნას ამ ეტაპზე მომდევნო ინსტანცია განიხილავს. ასევე, ბრალდებების საპასუხოდ ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომ ქალი მას დევნიდა და ავიწროებდა. თუმცა უწყებამ გამოძიება არ დაიწყო.

ახლა მხარეები ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის დასკვნას ელოდებიან.

დღის ამბები