ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დაკავებულის უფლებადამცველმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო მოსამართლე შოთა ბიჭიამ და საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა სასამართლოს.
დაცვის მხარე ასევე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების გადახედვას და პატიმრობის გირაოთი შეცვლას 15 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიძინა ესებუა ბრალდებას არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბიძინა ესებუას საქმეზე არსებითი განხილვა 4 მარტს ჩაინიშნა.