საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ე.წ. "ყინწვისის სპეცოპერაციის" საქმეზე თორმეტი ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ბესელიას, თეიმურაზ ცამბაიას, გიორგი აღაჯანაშვილის, გიორგი ბეროშვილის, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილების, ბადრი ჩიგოგიძის, ვარლამ ჩარკვიანის, ირაკლი ჩარბაძის, მიხეილ მაისურაძის, ბორის გურულის და ზურაბ გელაშვილის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
უწყების ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამის საპირისპიროდ, ახალი გამოძიების შედეგად გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.
"საქმის გამოძიების პროცესში დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ,,ეროვნულ სარწმუნეობრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, მამუკა ბესელია, თეიმურაზ ცამბაია, გიორგი აღაჯანაშვილი, გიორგი ბეროშვილი, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილები, ბადრი ჩიგოგიძე, ვარლამ ჩარკვიანი, ირაკლი ჩარბაძე, მიხეილ მაისურაძე, ბორის გურული და ზურაბ გელაშვილი. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2011 წლის 28 მაისს, ზემოაღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, ზემოაღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი.
„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, მამუკა ბესელია, თეიმურაზ ცამბაია, გიორგი აღაჯანაშვილი, გიორგი ბეროშვილი, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილები, ბადრი ჩიგოგიძე, ვარლამ ჩარკვიანი, ირაკლი ჩარბაძე, მიხეილ მაისურაძე, ბორის გურული და ზურაბ გელაშვილი აღიარებული იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.
ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზემოხსენებული ფაქტის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ დადგენილ იქნა კონვენციის მესამე მუხლის როგორც პროცედურული, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილის დარღვევა.
გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით დადგინდა, რომ ე.წ. "ყინწვისის საქმის" სხვა ფიგურანტების, - ნიკოლოზ გოგუაძის, დავით შუკაკიძის, რამაზ ღვალაძის, ოლეგ კეშელავას, ჯემალ სურამელაშვილის, ბაქარ ჩიგოგიძის, მიხეილ ცილიკიშვილის, ზაზა გვიმრაძის, მახარე სისაურის, დავით თუთარაშვილის, ჯემალ გუნდიშვილის და ირაკლი ჩარბაძის მხრიდან სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, რაც თავისთავად ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს,"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, უწყების ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ზვიად კვარაცხელიას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - ჰეროინის შეძენა-შენახვისათვის ედებოდა. პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი ახალი ფაქტებისა და მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ ზვიად კვარაცხელიას მხრიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდებოდა და მის დაკავებას შესაძლოა ჰქონოდა სამართალდამცველთა მხრიდან მიზანმიმართული დაინტერესება.