დაპირისპირება ქართულ რაგბიში და ჩაშლილი არჩევნები. ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრები კვლავ მუნიციპალურ კლუბებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. კლუბებზე ზეწოლას გამორიცხავენ გამგეობის წევრები, რომლებმაც უახლოეს დღეებში რაგბის კავშირის ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა დაასახელონ. ხელახალი არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.
ქართულ რაგბიში არსებულ მიმდინარე მოვლენებს ვეტერანი მორაგბეები ეხმაურებიან.
განცხადებაში, რომელსაც 107 ვეტერანი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ეს ბინძური კამპანია პროვოცირებულია უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფის მიერ და ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სოსო ტყემალაძეს და მის მიერ წარდგენილ პროგრამას.
"ქართული რაგბის წინააღმდეგ მიმართული ეს ბინძური კამპანია, პროვოცირებულია უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფის მიერ, რომელიც თავს უფლებას აძლევს ილაპარაკოს მთელი სარაგბო საზოგადოების სახელით, ყოველგვარ ზღვარს გადაცდა. ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია.
ვეტერანები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოსო ტყემალაძეს და მის მიერ წარდგენილ პროგრამას“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 107 ვეტერანი მორაგბე აწერს.
ვეტერანთა განცხადებას ეხმაურება საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე, რომელიც აცხადებს, რომ შეხვედრაზე ვეტერანთა კავშირის პრეზიდენტი არ იყო მიწვეული და ყველა გზას იყენებენ იმისთვის, რომ გულშემატკივრები შეიყვანონ შეცდომაში.
" ყველას მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა, ერთი, რაც მინდა აღვნიშნო ვეტერანთა შეხვედრაზე როცა გაიმართა ეს შეხვედრა, ვეტერანთა კავშირის პრეზიდენტი არ იყო მიწვეული ვეტერანები 106 კი არ შეგვიძლია, 1600-ც შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მაგრამ გააჩნია რა ფორმით და რა კეთდება. ეს მათი გადაწყვეტილებაა, ყველა გზას იყენებენ იმისთვის, რომ შეიყვანონ გულშემატკივარი შეცდომაში," - ამბობს ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი.