"ქართულ ოცნებაში" განმარტებებს აკეთებენ, თუ რატომ ვერ მიიღო ქვეყანამ დღემდე კორონავირუსის ვაქცინა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოსწორდება და სავარაუდოდ, 15 მარტამდე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია შემოვა.
"აქ არ ყოფილა მთავრობის ან ხელისუფლების ჩავარდნა. აქ იყო უბრალოდ კოვაქსის პლატფორმასთან დაკავშირებით რაღაც უზუსტობები.
იმ პლატფორმას, სადაც ჩვენ დარეგისტრირებული ვართ და რითაც რეგულირდება და მარაგდება მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროპა და მასთან ასოცირებული მეგობარი სახელმწიფოები, მათ შორის ჩვენ, დღეს მათი მხრიდან განცხადება გაჟღერდა, რომ იყო არასწორი მოლოდინები და არასწორი ინფორმაციის მიწოდება ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. ეს იყო გარკვეული ხარვეზი, ეს გამოსწორდება და უახლოეს დღეებში კონკრეტული თარიღები მიეთითება, თუ როდის შემოვა ვაქცინაცია, მათ შორის, ჩვენთან. სავარაუდოდ, მარტის 15 რიცხვამდე,"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანია Pfizer-ს აქვს მოთხოვნები, როგორიც სხვა კომპანიას არ ქონია, თუმცა, ეს სხვა კომპანიებიც არ უნდა განვიხილოთ, როგორც ნაკლები რესურსის მქონე.
"Pfizer-თან არის გარკვეული თემები, მოთხოვნები აქვთ ისეთი, როგორიც სხვა კომპანიას არ ქონია, მაგრამ ეს სხვა კომპანიაც არ უნდა განვიხილოთ, როგორც ნაკლები რესურსის მქონე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ყველას, ვისაც დაშვება აქვს, რომ აწარმოოს, ამ სტანდარტის ვაქცინას მივიღებთ. Pfizer-ის თემასთან დაკავშირებით, მგონი, დამატებითი კომენტარები არის საჭირო, მაგრამ ფაქტია, რომ რაოდენობით უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოსახლეობა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.