წელიწადნახევარია, ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც ხდება და ვფიქრობ, რომ ეს ყრილობა, რომელიც დღეს ჩატარდა, წერტილს დაუსვამს ამ საშინელ პერიოდს, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ დაიწყება არამარტო ქართული რაგბის შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა, არამედ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩატეხილი ხიდების აღდგენა, - ამის შესახებ რაგბის კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ, მერაბ ანთაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ანთაძემ აღნიშნა, რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს იოსებ ტყემალაძეს საკმაოდ სერიოზული შეხება ჰქონდა და აქვს რაგბთან.
"მე მგონი, სრულიად ბუნებრივია, რომ არსებობს წესდება, სარაგბო წესდება, რომელსაც მე ასე თუ ისე ვიცნობ, სადაც ძალიან ნათლად არის გაწერილი თუ როგორ და რა პირობებში უნდა ჩატარდეს, რა ინტერვალები უნდა მოხდეს ყრილობებს შორის, რა მიზნებით, რა მიზეზით გადადებული თუ ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით ეს ყველაფერი იყო დაცული.
წელიწადნახევარია, ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც ხდება და ვფიქრობ, რომ ეს ყრილობა, რომელიც დღეს ჩატარდა, წერტილს დაუსვამს ამ საშინელ პერიოდს, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ დაიწყება არამარტო ქართული რაგბის შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა, არამედ რაც არანაკლებ ჩატეხილი ხიდების აღდგენა. ეს იქნება ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა და მე ვისურვებდი, რომ ყველა მონაწილე მხარე ჩაერთოს ამაში და უკვე ნორმალურ ჩარჩოებში დაიწყოს ამ საკითხების, აბსოლუტურად ყველა საკითხის, როგორც სარაგბო, თუნდაც სამართლებრივი საკითხების განხილვა ნორმალურ კალაპოტში.
ჩემი ინფორმაციით, სოსო ტყემალაძეს საკმაოდ სერიოზული შეხება ჰქონია და აქვს რაგბთან, ასევე რაგბის კავშირში იყო გარკვეული პრობლემები. მე გადმოცემით ვიცი იმ ადამიანებისგან, რომელსაც ვენდობი და მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ტყემალაძეს სერიოზული წვლილი აქვს. ამის გარდა, არ მგონია, რომ მაინცდამაინც მორაგბეს აქვს იმის უნარი, რომ რაღაცნაირად მიხედოს მენეჯმენტს და დაგეგმოს გარკვეული ნაბიჯები. გარდა ამისა, ის მარტო არ იქნება და იქ იქნება ის გუნდი, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული. ასე, რომ მე ამაში პრობლემას არ ვხედავ.
საოცრად ღრმა ჭრილობა მიადგა ჩვენს სარაგბო ოჯახს და არა მარტო ჩვენს, არამედ უამრავი ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების წუხილი და გულისტკივილი გამოიწვია და ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. არ მგონია, რომ ამის გადაჭრა შეიძლება ძალიან მარტივად მოხდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც უნდა იმუშაოს ყველამ, როგორც რაგბის კავშირის ახალმა შემადგენლობამ, ასევე ყველა თაობის მორაგბემ და რა თქმა უნდა იმ ჩვენმა, დღეს ოპონენტებმა," - განაცხადა მერაბ ანთაძემ.