17 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები ტარდება კანონით გათვალისწინებული წესებით და არანაირ შეჭრაზე არ უნდა იყოს საუბარი - დავით მათიკაშვილი "ტვ პირველის" შესახებ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი პროკურატურის მიერ "ტვ პირველისგან" გავრცელებულ აუდიოჩანაწერების ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდების მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში შეჭრას არავინ აპირებს. 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები კანონის გათვალისწინებით ტარდება.

"ჯერ ერთი, ვინ ამბობს ტელევიზიაში შესვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ შეიძლება ყველაფერი იყოს სპეკულაციების და პროვოკაციების საგანი. საზოგადოებისთვის არის კარგად ცნობილი, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესებით და იქ არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, რაღაცა მცდარ და სიცრუით გაჯერებული ინფორმაციით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. ეს არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ რაღაც მსგავს ნიშნებს.

ამიტომაც, ჩემთვის პირადად წარმოუდგენელიც არის რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას. აქ არ იქნება, რა თქმა უნდა, შეჭრაზე ან რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველი" კანონის წინაშე ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს და მასალას, რომელსაც გამოძიება და პროკურატურა ითხოვს, მიაწოდებს.

"პროკურატურას ჰქონდა კომუნიკაცია ტელევიზიის მესვეურებთან, სატელეფონოც, მიმოწერაც და სასამართლო განჩინებაც, რასაც კანონი ითხოვს, მიღებულია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ტელევიზია კანონის წინაშე თავის ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და ის მასალა, რა მასალასაც პროკურატურა და გამოძიება ითხოვს, მიაწოდებს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პროკურატურა "ტვ პირველისგან" იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი.

დღის ამბები