დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა. თამარ გაბუნია განმარტავს, რომ საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ეყრდნობა, რომ ქვეყნებმა არ უნდა შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენება.
თამარ გაბუნიას გაცხადებით, საქართველოში ორი დღის განმავლობაში ჩატარებულ ვაქცინაციას განსაკუთრებული გართულებები არ მოჰყოლია. ამ დროისთვის სპეციალურ ბაზაში 4500 მედიკოსია დარეგისტრირებული, ამ მომენტისთვის კი 1143 ექიმი აიცრა.
"ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, სამინისტროს თანამშრომლებმაც ჩაიტარეს აცრა. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ პროცესი არ შეფერხდეს და გაგრძელდეს უსაფრთხოდ. გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ეს არის სტანდარტული ფარმაკოზედამხედველური პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტთან მიმართებაში ფიქსირდება რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა. ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი ვალდებულია შეაჩეროს მედიკამენტის მოხმარება, ვიდრე არ დადგინდება შედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.