"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ნოდარ მელაძე ადგილზე ადვოკატთან ერთად მივიდა.
გამოძიებას კითხვები ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით აქვთ, გამოძიება აუდიოჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების მუხლით მიმდინარეობს.
ნოდარ მელაძემ სასამართლო უკვე დატოვა, როგორც "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდის გამოძიებას აღნიშნულ აუდიო ჩანაწერს, თუ საგამოძიებო უწყება გადააკვალიფიცირებს საქმის მუხლს და გამოძიებას დაიწყებს სავარაუდო დანაშაულის მიმართულებითაც:
"დავინახეთ მათი გამოკითხვიდან ერთადერთი განზრახვა, რომ მათ უნდათ დაადგინონ, ვინ იყო წყარო. შესაბამისად, სხვა არაფერი აინტერესებთ და ამ გამოძიებას შეწყვეტენ იგივე მუხლით, რითიც აქვთ დაწყებული, შესაბამისად, ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენი მიზანია, ეს საქმე იყოს გამოძიებული, მათ შორის, იმ სავარაუდო დანაშაულებების კონტექსტში, იმ მძიმე დანაშაულების, სადაც სკოლის მოსწავლეებზე იყო საუბარი. როგორც კი ჩვენ დავინახავთ მათ განზრახვას და შესაბამისი მუხლით გამოძიებას, შესაბამის მოქმედებებს, გადავცემთ აუდიო ჩანაწერებს," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
პროკურორის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ტელევიზია მათ გადასცემს აუდიო ჩანაწერებს და მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი სხვა მიმართულებითაც დაიწყოს გამოძიება.
"ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როდესაც პრეტენზიას გამოთქვამს დასაკითხი პირი შინაარსთან დაკავშირებით, რომ ამას არ იძიებს გამოძიება, შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მან პასუხი არ გასცა. ის რომ შინაარსთან დაკავშირებით გამოძიება არ იძიებს, ეს არ არის სწორი ინფორმაცია, გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. მაგრამ კონკრეტულ დანაშაულზე რომ გახვიდე და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები. მტკიცებულებების ბაზა თუ არ შექმენი შენ, შინაარსობრივი მხარის, მაშინ სისხლის სამართლებრივ დევნას როგორ დაიწყებ?" - განაცხადა საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.
ავტორი: თამარ თათარაშვილი