19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
მეწყერული პროცესები პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებით - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის სამეცნიერო გუნდმა თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე შეისწავლეს ტერიტორია, სადაც მეწყერული პროცესების შედეგად, დიდი ზომის ნაპრალი გაჩნდა.

სპეციალისტები მომხდარს არასწორად დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ. 

"მონიშნულია ადგილები, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ კვლევას და შეფასებას, რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის შესაძლო საფრთხე და შევწყვიტოთ უხეში ჩარევა გარემოში. რეალურად, ეს პროცესები პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადაც არასწორად იყო გეოლოგიური გათვლები გაკეთებული,"-აცხადებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი, გიორგი ბოიჩენკო აცხადებს, რომ მეწყერის შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დამცავი სამუშაოების ჩატარება. მისი შეფასებით, ნიადაგის გამაგრება არარეალურია და, სავარაუდოდ, მეწყერსაშიში მასის მოხსნა იქნება აუცილებელი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ზონაში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, საავტომობილო გზა გადაკეტილია, გზის გაყვანის სამუშაოები კი შეჩერებული.

 

დღის ამბები