"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელ გიორგი ჩალაძის თქმით, აუცილებელია გაირკვეს, ხომ არ ჰქონდა გარდაცვლილ ექთანს გადატანილი კოვიდი და ხომ არ აღენიშნებოდა სისხლში ანტისხეულები.
"ვარაუდები არ არის, აქ არის ძალიან მარტივი საკითხი, რამ გამოიწვია ადამიანის სიკვდილი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხდება - ან იყო ანაფილაქტიკური შოკი, ან სხვა რამე. ეს სხვა რამე შეიძლება იყოს, როგორც გადატანილი კოვიდი, ასევე სხვა რაიმე თანმდევი დაავადება. ამ ქალბატონს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა, შესაბამისად, ახლა გასარკვევია, ხომ არ ჰქონდა გადატანილი კოვიდი და სისხლში ხომ არ აღენიშნება ანტისხეულები. ახლა ძალიან დიდი იმედი მაქვს გამოძიების და ძალიან დიდი იმედი მაქვს სამედიცინო სამსახურების, რომ არ მოხდება ოჯახზე ხელის შეშლა და მისცემენ როგორც ყველა საჭირო ბიოლოგიურ მასალას, ასევე ჩაატარებენ ყველა საჭირო ტესტს," - აცხადებს გიორგი ჩალაძე.
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩაიყვანა, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.