19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო - თეა ახვლედიანი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. 

"დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, მისი სახლი აღმოჩნდა საოკუპაცო ხაზის მიღმა, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და მიუხედავად ურთულეს პირობებში ცხოვრებისა, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი.

დათა ვანიშვილი განასახიერებს იმ უმძიმეს ხვედრს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე განიცდის და იზიარებს მრავალი ადამიანი როგორც ცხინვალის რეგიონებში, ასევე აფხაზეთსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური პოლიტიკის გამოვლინებაა.

სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, როგორც არის ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და თავისუფალი გადაადგილება, რაც იწვევს ოჯახების გაყოფას. საკუთრებაზე, მათ მიწაზე და სახლებზე წვდომის დაკარგვას.

ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, ყველა შესაძლო რესურსის და მექანიზმის გამოყენებით. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე ენიჭება საერთაშორისო პარტიორების გაძლიერებულ ძალისხმევას და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე მცხოვრები ადამიანების ურთულეს ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დათა ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს,“ - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები