თბილისის მერიის თანამშრომლის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას მერის მოადგილე გამოეხმაურა.
ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული ყველა პირი, ვინც კანონს დაარღვევს, რეაგირების გარეშე არ დარჩება.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ იმედია უკანასკნელი იქნება. ჩვენ ვართ კანონის სადარაჯოზე და მინდა, ჩვენი სისტემის თანამშრომლებს მივმართო, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, თუ ვინმეს ასეთი განზრახვა აქვს, ვინაიდან, ასეთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მუნიციპალური ინსპექციის სამგორის რაიონის განყოფილების თანამშრომლის მხრიდან კანონის დარღვევას კორუფციის მიმართულებით, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა მერიისგან და საგამოძიებო ორგანობის ერთობლივი მოქმედებების შედეგად.
თუ მომავალში კიდევ გამოვლინდება ასეთი ტიპის ქმედება, მოჰყვება ადეკვატური რეაგირება,"- აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეს თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის თავიდან აცილების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით 2500 ლარი გამოსძალა.
ავტორი: თამარ თათარაშვილი